ებრუს კურსდამთავრებულთა სასერთიფიკატო მღელვარება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 5 მარტიდან 30 მაისამდე ორგანიზებული ტრადიციული ებრუს ხელოვნების კურსი გამოფენის გახსნითა და სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა. ღონისძიებაზე, რომელსაც ებრუს კურსდამთავრებულები და ხელოვნების მოყვარულები ესწრებოდნენ, დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელების მიერ ერთ სემესტრში შესრულებულმა ნამუშევრებმა.

ებრუს თურქულ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კურსმა, რომელზეც მსმენელებს თეორიული ინფორმაცია მიეწოდათ და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ, ყველა ასაკის ადამიანის დიდი ინტერესი გამოიწვია. კურსის მსმენელებს ებრუს ხელოვნების ყველა დეტალის შესწავლასთან ერთად საკუთარი ებრუს შესრულების საშუალებაც მიეცათ.

ებრუს მასწავლებელმა დარიკო ჩიხლაძემ საუბრისას აღნიშნა: „მინდა, საუბრის დასაწყისში ხელოვნების მხარდაჭერის, ყველა გზის გახსნისა და სამი თვის განმავლობაში ძალიან სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნისთვის მადლობა გადავუხადო იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს. ჩვენ ერთმანეთზე ნიჭიერი მსმენელები გვყავდა. დღეს ჩვენი პირველი გამოფენა გავხსენით. ეს არის დასაწყისი, ამ მხრივ ჩვენი მუშაობა და ლამაზი გამოფენების მოწყობა გაგრძელდება.“

ებრუს კურსდამთავრებული ზეინებ სულეიმანოვა: „დღემდე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ არაერთ კურსსა თუ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ებრუს თურქული ენის საზაფხულო სკოლაში გავეცანი. წელს, როგორც კი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ებრუს კურსის გახსნის შესახებ შევიტყვე, მაშინვე გადავწყვიტე კურსში ჩართვა. ჩვენი დატვირთული შრომის შედეგად ძალიან კარგი ნამუშევრები შეიქმნა. სამი თვის განმავლობაში არამარტო ნახატების შესრულება, არამედ წყალზე საღებავების ჰარმონიულად აცეკვებაც შევისწავლეთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის“.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ გამართული სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია, სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა. გამოფენა, სადაც 500 ნამუშევარია წარმოდგენილი, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დამთვალიერებელთათვის ღია იქნება 4 ივნისამდე. მომავალში ებრუს კურსის გახსნა თბილისთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება.