განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისში [1]
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა, 2021 წლის 27-28 მაისს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან და დამთვალიერებელთა თვალსაზრისით რეიტინგული გამოფენებიდან ერთ-ერთში, განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის გახსნაში, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზატორობით მოეწყო, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა.
გამოფენაში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო, თურქეთის, აზერბაიჯანის, აშშ-ს, უკრაინის, იტალიის, ესტონეთის, გერმანიის, ინგლისისა და სხვა ქვეყნების დაახლოებით 120 დაწესებულება მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებმა ინფორმაცია მიიღეს განათლების, საზღვარგარეთ სწავლის, უცხო ენის შესწავლის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და მათთვის საინტერესო სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები.
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კურსებისა და ღონისძიებების პოპულარიზაციის, ქართველ სტუდენტებში თურქული უნივერსიტეტების ცნობადობის ამაღლების მიზნით.
გამოფენა 2021 წლის 28 მაისს დასრულდა.